საზღვრის ინტეგრირებული მართვის შესახებ ევროპის კავშირის კონცეფციის არსი

ევროპის კავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა საბჭომ, 2006 წლის 4-5 დეკემბრის შეხვედრაზე, გააკეთა დასკვნა, რომ საზღვრის ინტეგრირებული მართვა (ევროკავშირის გარე საზღვრებზე) არის კონცეფცია, რომელიც შემდეგ ელემენტებს მოიცავს:

  1. სასაზღვრო კონტროლი (შემოწმება და მეთვალყურეობა), როგორც ეს განსაზღვრულია შენგენის სასაზღვრო კოდექსში, შესაბამისი რისკის ანალიზისა და დანაშაულის ანალიტიკური შეფასების ჩათვლით.
  2. ტრანსსასაზღვრო დანაშაულის გამოვლენა და გამოძიება ყველა კომპეტენტურ სამართალდამცავ ორგანოსთან კოორდინაციით.
  3. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ინსტიტუტების და თანამეგობრობისა და კავშირის სხვა ორგანოების აქტივობათა კოორდინაცია და თანმიმდევრულობა. 
  4. უწყებათაშორისი თანამშრომლობა საზღვრის მართვისთვის (მესაზღვრეები, საბაჟო, პოლიცია, ეროვნული უსაფრთხოებისა და სხვა შესაბამისი ორგანოები) და საერთაშორისო თანამშრომლობა
  5. დაშვების კონტროლის ოთხსაფეხურიანი მოდელი

1-ლი და მე-2 პუნქტები მიუთითებს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს; მე-3 და მე-4 პუნქტები განმარტავს, თუ როგორ უნდა გაკეთდეს; ხოლო მე-5 პუნქტში  მითითებულია, თუ სად უნდა გაკეთდეს.

დაშვების კონტროლის ოთხსაფეხურიანი მოდელი ნიშნავს:

  1. ღონისძიებებს მესამე ქვეყნებში (კონსულტაცია და ტრენინგი)
  2. მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობას (ხელშეკრულებები)
  3. საზღვრის კონტროლს (გარე საზღვარზე)
  4. საკონტროლო ღონისძიებებს თავისუფალი გადაადგილების ტერიტორიის ფარგლებში (შენგენის ტერიტორია)