განმახორციელებლები

  • ფრონტექსი (Frontex)
    ფრონტექსი (Frontex)

    2004 წელს, გაფართოებული ევროკავშირის საზღვრის მართვის აქტივობათა კოორდინირების საჭიროებამ, განაპირობა ფრონტექსის შექმნა, რომლის სრული სახელწოდებაა „ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტო“.  ფრონტექსი ხელს უწყობს ევროკავშირის სახელმწიფოთა სასაზღვრო ორგანოების ერთად მუშაობას.  მისი ამოცანაა ეროვნულ სასაზღვრო ორგანოებს შორის თანამშრომლობის განმტკიცება და განვითარება.  იგი მიზნად ისახავს ევროკავშირის გარე საზღვრებზე საუკეთესო პრაქტიკის დაფუძნებას, მიდგომების ჰარმონიზებას და ევროკავშირის სასაზღვრო გამოცდილების გაზიარებას ცალკეულ სახელმწიფოთა შესაბამისი მუშაკებისთვის.  ფრონტექსის მიდგომა ეფუძნება საზღვრის ინტეგრირებული მართვის კონცეფციას.

    ფრონტექსის საქმიანობის ძირითადი სფეროები მოიცავს ერთობლივ ოპერაციებს (ევროკავშირის გარე საზღვარზე); ტრენინგს (ტრენინგის სტანდარტების ჰარმონიზება, მაგალითად, ფრონტექსის ერთიანი ძირეული სასწავლო გეგმის/კურიკულუმის გამოყენებით); რისკის ანალიზს (მონაცემების/ინფორმაციის შეგროვება ევროკავშირის გარე საზღვარზე); კვლევებს; სწრაფ რეაგირებას; დაბრუნების ერთობლივი ოპერაციებისთვის ხელშეწყობას (ფუნდამენტური უფლებების პრინციპების შესაბამისად); საინფორმაციო სისტემების განვითარებას.  ვინაიდან ფრონტექსს  ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების გარე საზღვრებთან ოპერაციათა კოორდინირების ხელმძღვანელობის დიდი გამოცდილება აქვს,  მას წარმატებით შეუძლია გაართვას თავი აღმოსავლეთი პარტნიორობის/საზღვრის ინტეგრირებული მართვის შესაძლებლობათა გაძლიერების პროექტის განხორციელებას.      

    ფრონტექსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხ. ვებგვერდზე: <www.frontex.europa.eu>

     

  • მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია (WCO)
    მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია (WCO)

    მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია (WCO) 1952 წელს შეიქმნა, საბაჟო თანამშრომლობის საბჭოს სახით.  იგი დამოუკიდებელი სამთავრობათაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს საბაჟო ადმინისტრაციების ეფექტურობისა და ქმედითობის ამაღლებას. ორგანიზაციის სათავო ოფისი არის ბრიუსელში, ბელგიაში.  დღეისათვის მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია მსოფლიოს 179 საბაჟო ადმინისტრაციას წარმოადგენს, რომლებიც მსოფლიო სავაჭრო პროცესების დაახლოებით 98%-ის დამუშავებას ახდენს.  მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია არის ეროვნული საბაჟოების წარმომადგენელთა დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების ფორუმი, რომელიც თავის წევრებს სთავაზობს კონვენციებსა და სხვა საერთაშორისო დოკუმენტებს, ასევე, ტექნიკურ დახმარებასა და ტრენინგებს.  იგი აქტიურ მხარდაჭერას უწევს ეროვნულ საბაჟო ადმინისტრაციებს შესაძლებლობათა განვითარების ღონისძიებათა განხორციელებაში.

    მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია, ლეგიტიმური საერთაშორისო ვაჭრობის ზრდის სტიმულირებასთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს თაღლითური აქტივობების საერთაშორისო დონეზე აღიარებაში.  მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის პარტნიორული მიდგომის შესაბამისად, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ბატონმა კუნიო მიკურიამ, 2015 წელი საზღვრის კოორდინირებულ მართვას მიუძღვნა, სლოგანით „საზღვრის კოორდინირებული მართვა - ინკლუზიური მიდგომა დაინტერესებული მხარეების დასაკავშირებლად“.  პატიოსანი, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი საბაჟო გარემოს შექმნის ხელშეწყობით, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას პირდაპირი წვლილი შეაქვს მისი წევრების ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.  ამ ფონზე, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია სიამოვნებით ერთვება აღმოსავლეთი პარტნიორობის-საზღვრის ინტეგრირებული მართვის შესაძლებლობათა გაძლიერების პროექტში, როგორც ერთ-ერთი განმახროციელებელი ორგანიზაცია.

    მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხ. ვებგვერდზე:  www.wcoomd.org

     

  • მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
    მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია

    მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), რომელიც 1951 წელს შეიქმნა, მიგრაციის სფეროში წამყვანი სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციაა.  იგი მჭიდროდ თანამშრომლობს სამთავრობო, სამთავრობოთაშორისო და არასამთავრობო პარტნიორებთან.  მისი წევრია 157 სახელმწიფო, ხოლო კიდევ 10 სახელმწიფოს დამკვირვებლის სტატუსი აქვს.  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისები 100 ქვეყანაში მოქმედებს, რომელთა მიზანია ჰუმანური და მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობა, რაც სარგებლობას მოუტანს ყველას.  ჰუმანური და მოწესრიგებული მიგრაციის მართვის ხელშეწყობასთან ერთად, IOM განამტკიცებს საერთაშორისო თანამშრომლობას მიგრაციის საკითხებში, დახმარებას უწევს სახელმწიფოებს მიგრაციით გამოწვეული პრობლემების პრაქტიკულ გადაწყვეტაში და უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ დახმარებას მიგრანტებისთვის, რომლებსაც ასეთი დახმარება სჭირდებათ, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩათვლით.

    1990-იანი წლების ადრეული პერიოდიდანვე IOM მჭიდროდ თანამშრომლობს აღმოსავლეთი პარტნიორობის ექვსი ქვეყნის მთავრობასთან შესაძლებლობათა გაძლიერების პროექტების განხორციელებაში, რომლებიც დაკავშირებულია იმგირაციისა და საზღვრის მართვის საკითხებთან.  აღმოსავლეთი პარტნიორობის-საზღვრის ინტეგრირებული მართვის შესაძლებლობათა გაძლიერების პროექტში მისი მონაწილეობა გულისხმობს პროექტის აქტივობებისთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფას და აქტიურ მონაწილეობას ტრენინგის კონკრეტულ აქტივობებში, რომლებიც ტრენინგის ფარგლებში განხორციელდება.

    IOM-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხ. ვებგვერდზე:  www.iom.int

  • მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი  (ICMPD)
    მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD)

    მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთშორისო ცენტრი (ICMPD) 1993 წელს შეიქმნა ავსტრიისა და შვეიცარიის მიერ.  ამ საერთაშორისო ორგანიზაციის სათავო ოფისი ვენაში მდებარეობს და იგი  მიგრაციასთან დაკავშირებულ სფეროში მუშაობს. კერძოდ, ICMPD მუშაობს არარეგულარული მიგრაციისა და დაბრუნების, ადამიანთა ტრაფიკინგის, საზღვრის მართვისა და სავიზო რეჟიმის, თავშესაფრის, მიგრაციისა და განვითარების და კანონიერი მიგრაციისა და ინტეგრაციის საკითხებზე. 

    ICMPD მუშაობს 100-ზე მეტ პარტნიორთან მთელ მსოფლიოში, ხოლო დღეისათვის მასში გაერთიანებულია 15 წევრი სახელმწიფო. ცენტრი საქმიანობას ეწევა ევროპაში, აფრიკაში, ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ლათინურ ამერიკაში.

    საზღვრის მართვა  ICMPD-ის პრიორიტეტული სფეროა დღიდან მისი შექმნისა.  დღეისათვის მას ამ სფეროში 50 პროექტი აქვს განხორციელებული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.  ეს პროექტები მოიცავდა: მიზნობრივ ტრენინგებს; სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შემუშავებაში დახმარების გაწევას; სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების შექმნას; და მრავალმხრივი დიალოგის ხელშეწყობას.  ICMPD ასევე ფოკუსირებულია საზღვრის ინტეგრირებული მართვის კონცეფციის შემდგომ განვითარებასა და ხელშეწყობაზე.  ICMPD საზღვრის ინტეგრირებულ მართვაში ჩაერთო ევროკომისიის მხარდაჭერით, კერძოდ, 2004 წელს ცენტრი მონაწილეობდა გაიდლაინების შემუშავებაში დასავლეთ ბალკანეთში საზღვრის ინტეგრირებული მართვისთვის.   

    საზღვრის მართვის ღონისძიებებში ICMPD-ის მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. ვებგვერდზე: http://www.icmpd.org/Border-Management-Visa.1566.0.html.